საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუს თანატოლებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობით, 4:1 გაიმარჯვეს.
ანგარიში მე-5 წუთზე გიორგი გულიაშვილმა შორეული გასროლით გახსნა და საკმაოდ ეფექტური გოლიც გამოუვიდა. ბელარუსმა წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა და ტაიმი საბოლოოდ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე მეტოქის კარში მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ეს გოლი ბელარუს ფეხბურთელს ჩაეთვალა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-60 წუთზე ჩვენმა გუნდმა სტუმრებს კიდევ ერთი ბურთი გაუტანეს, თავი კვლავ გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ბელარუსის კარი ისევ შორეული ეფექტური დარტყმით აიღო. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე დაფიქსირდა – ბელარუსი მცველების შეცდომით შოთა შეყილაძემ ისარგებლა და საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მეოთხე გოლი გაიტანა.





