ჩოგბურთის მოყვარულთ ანდრეი რუბლევის წარდგენა ალბათ არ უნდა ესაჭიროებოდეს. ახალგაზრდა რუსი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის მე-7 ნომერია და მსხვილ ტურნირებზეც წარმატებით თამაშობს. მარტო ის რად ღირს, რომ მონტე-კარლოს მასტერსზე მან რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო, ხოლო რომის ანალოგიურ ტურნირზე უკვე მეოთხედფინალშია.
მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდრეი რუბლევი შემდგარი ჩოგბურთელია და მის ამ წარმატებაში უმთავრესი წვლილი დედამისს, მარინა მარჩენკოს მიუძღვის, რომელიც რუბლევის მწვრთნელია და პარალელურად მოსკოვში საჩოგბურთო აკადემიაც აქვს, რომელსაც „მოსკოვის ახალგაზრდობა“ ჰქვია.
ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და აღნიშნული აკადემიის ერთ-ერთი მოსწავლე ელენა მალი რუს მწვრთნელს ძალადობაში ადანაშაულებს. 18 წლის ჩოგბურთელი აღნიშნავს, რომ რუბლევის დედამ მას ჩოგნით სცემა და შემდეგ ძვირფასი საჩოგბურთო ამუნიციაც წაართვა. ამის შესახებ გოგონამ რამდენიმე რუსულ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა.
ანდრეი რუბლევის დედაც თავის მართლების რეჟიმშია. მისი თქმით, მოსწავლესთან კონფლიქტი ნამდვილად აქვს და ის კვირაზე მეტია გრძელდება. მიზეზი კი ელენა მალის არასათანადო ქცევაა. ჩოგბურთელი აზარტული თამაშებით არის გატაცებული და ღამ-ღამობით იატაკქვეშეთში დაძვრებაო.
„საქმე იმაშია, რომ ეს გოგონა ფსონებს დებს. ამის შესახებ უკვე საკმაო ხანია ვიცით და რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემიიდან გაირიცხებოდა. ისიც გვპირდება და გვებოდიშება, რომ აღარ გაიმეორებს, თუმცა გვატყუებს და თავისას მაინც არ იშლის.
ამის შემდეგ მას მკაცრად ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ადმინისტრაციას შევატყობინებდი, რამაც წყობიდან გამოიყვანა და ახლა სამაგიეროს ამ ფორმით მიხდის.
მე მყავს არაერთი სრულწოვანი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ვარჯიშებზე მსგავსი არაფერი მომხდარა და არც ცემას ან რაიმე ძალადობას ჰქონია ადგილი“ – ამბობს რუბლევის დედა და რუსი საჩოგბურთო მწვრთნელი.
მარინა მარჩენკო თავის დროზე ანა კურნიკოვას, დარია გავრილოვას და ირინა ხრომაჩევას მთავარი მწვრთნელი გახლდათ.


