პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ურუგვაისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები გავიდნენ, რომელთაც ნამდვილად არ ჰქონდათ ერთმანეთში კეთილ-მეგობრული დამოკიდებულება. მეტოქე გუნდების ქომაგებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალის დროს წახდა, სადაც სწორედ ეს ორი ნაკრები უპირისპირდებოდა ერთმანეთს.
არგენტინა საფრანგეთის დაპირისპირების დასრულების შემდეგ, სადაც ბრაზილიელმა მსაჯმა უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო ფრანგთა სახიფათო შეტევა უსამართლოდ შეაჩერა, ურუგვაელ ქომაგს ხელში აყვანილი გაჰყავდა ნირწამხდარი ფრანგი ფეხბურთელები მოედნიდან, ხოლო არგენტინელ მოთამაშეებს ქვები და წყევლა-კრულვა დააყარეს. ურუგვაული ფეხბურთის თავკაცმა განცხადებაც გააკეთა, რომ ,,ასეთი საქციელი დიდ ზიანს აყენებს ორ მოძმე ერს“. გულშემატკივრები დაწყნარდნენ, მაგრამ ჩემპიონატზე არგენტინის შემდგომ წარმატებებს მხოლოდ სკანდალები ახლდა თან, თუმცა ეს ადგილობრივ ქომაგებთან კავშირში აღარ იყო. ტურნირზე არგენტინელთა მეორე შეხვედრაც სკანდალებით იყო აღსავსე.

მატჩს ბოლივიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ულისეს საუსედო სჯიდა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი მსაჯები. მან შეხვედრაში ხუთი 11-მეტრიანი დანიშნა, რომელთა უმრავლესობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სწორედ ამ მატჩი შეასრულა ჰეთ თრიქი არგენტინელმა გილერმო სტაბილემ, რომელიც პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და შემადგენლობაშიც მხოლოდ იმის წყალობით მოხვდა, რომ პირველი ტურის შემდეგ ნაკრების ძირითადი ფორვარდი ფერეირა სამშობლოში გაემგზავრა გამოცდების ჩასაბარებლად. მესამე ტური ჩილესთან კი ნამდვილ ბრძოლას დაემსგავსა. ორივე ნაკრების ფეხბურთელები პირდაპირ მინდორზე მართავდნენ ხელჩართულ ბრძოლებს, რომელთა აღსაკვეთად პოლიცია ხდებოდა საჭირო.

თამაშის შემდეგ კი სამართალდამცავი ორგანო იძულებული იყო არგენტინელთა საცხოვრებელი ადგილი დღე და ღამ დაცვის ქვეშ ჰყოლოდა.
ნახევარფინალში აშშ-ს ნაკრებთან დაპირისპირების უკვე მეათე წუთზე არგენტინელმა ალეხანდრო სკოლელიმ ფეხი მოტეხა მეტოქე რაფაელ ტრეისის. ტრეისმა არაადამიანურ ტკივილებს შესვენებამდე გაუძლო და ,,ცალი ფეხით“ ჩაამთავრა ტაიმი. მეორე ნახევარში ,,ალბისელესტემ“ ხუთი გოლის გატანა შეძლო და ფინალშიც გავიდა. ამერიკის ნაკრებმა ამ მატჩში დიდძალი ზარალი ნახა: ტრეისი – მეტოქისგან მიყენებული ტრავმის გამო თამაშს გამოეთიშა და კაცნაკლულები დარჩნენ.
უოლდმა შეხვედრის შემდეგ დაითვალა და აღმოაჩინა, რომ ოთხი საღი კბილი დაუკარგავს; პეტნოუდი თამაშის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს მუცლის არეში საშინელი ტკივილის გამო; დუგლასს მუხლი ჰქონდა საკმაოდ სერიოზულად დაშავებული. ურუგვაულმა El Dario-მ საკადრისი პატივი მიაგო ამერიკელ ფეხბურთელთა ვაჟკაცურ გამოსვლას: ,,მათ გასაოცარი ცივსისხლიანობა და გამბედაობა გამოავლინეს, როცა არგენტინელების მხრიდან მუდმივ პროვოკაციასა და უხეშობას არ პასუხობდნენ“.

ასეა თუ ისე, ორგანიზატორებმა და სამართალდამცავებმა მათი ნების საწინააღმდეგო ფინალი: ურუგვაი-არგენტინა მიიღეს. სხვადასხვა მცურავი საშუალებების მთელი ფლოტი, შეძახილებით: ,,არგენტინა – დიახ, ურუგვაი – არა. სიკვდილი ან გამარჯვება“ დაიძრა ბუენოს-აირესიდან მონტევიდეოსკენ იმ სრუტის გადასალახად, რომელიც ამ ორ ქვეყანას ჰყოფს, თუმცა უმრავლესობას ძლიერი ნისლის გამო უკან გაბრუნება მოუხდა.
ქომაგებს მოუწოდეს თამაშზე მის დაწყებამდე 5-6 საათით ადრე დაეკავებინათ ადგილები ტრიბუნებზე. მეტალოდეტექტორების ხანა ჯერ კიდევ შორს იყო, ამიტომაც სტადიონზე შემსვლელთა მსურველებს ხელით ჩხრეკდნენ. მთავარი არბიტრი ბელგიელი ლაგენუსი და მისი თანაშემწეები, რომელთაგან ერთ-ერთი რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კოსტელ რედულესკუ იყო, კატეგორიული მოთხოვნების შედეგად დათანხმდნენ ორგანიზატორებს მსაჯობაზე.

მთავარი მოთხოვნა იყო, რომ თამაშის შემდეგ მათ უსაფრთხოებაზე პოლიციას ეზრუნა. შეხვედრამდე ნაკრებები ვერ შეთანხმდნენ რომელი ბურთით ეთამაშათ. საბოლოოდ კი აი, რაზე შეთანხმდნენ: ტაიმებს სხვადასხვა ბურთებით ითამაშებდნენ. პირველ ტაიმს ,,არგენტინული” ბურთით ,,ტიენტოთი“, ხოლო მეორე ტაიმს ურუგვაელების სასურველი ბურთი – ,,T-Model”-ით.
ურუგვაის ნაკრებმა კი ჩემპიონატი ძირითადი მეკარის გარეშე ჩაატარა, ხოლო ძირითადი ფორვარდი ზედ ფინალის წინ გამოეცალა. ენრიკე ბალესტეროსი იმის წყალობით გახდა ძირითადი მეკარე, რომ ანდრეს მასალიმ დისციპლინა დაარღვია და მთავარი მწვრთნელის მკაცრი მითითება, ბაზა არავის დაეტოვებინა არ შეასრულდა და პაემანზე მაინც გაეშურა. განრისხებულმა მწვრთნელმა მეკარე ნაკრებიდან მოკვეთა.
რაც შეეხება ძირითად ფორვარდს, ხუან ანსელმომ ორი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ზედ ფინალის დაწყებამდე ცუდად შეიქნა და სუპიჩმა ცენტრში ექტორ კასტრო, მეტსახელად ,,ცალხელა“, 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი გადაწია.

მეტად დაძაბული და უპრინციპულესი ფინალის პირველი ტაიმი სტუმრებმა, არგენტინელებმა მოიგეს 2:1. მათ იცოდნენ, რომ შეთანხმების თანახმად მეორე ტაიმში ურუგვაი ,,თავის“ ბურთს შემოაგდებდა მინდორზე და გუნდი ყველაფრისთვის მზად იყო. მცველი ხოსე დელა ტორე მოგვიანებით გაიხსენებს: ,,თანაგუნდელებს შესვენებაზე მივმართე: ,,მეშინია, თუ გავიმარჯვებთ, მგონია რომ ბრბო გადაგვთელავს“.
ნაკრების მეორე მოთამაშე ფრანსისკო ვარალო იხსენებდა: ,,ჩვენ ყველა საშინლად ვთამაშობდით. განსაკუთრებით ჩვენი ლიდერი მონტი. მოგვიანებით გავიგე, რომ მან თავის გოგოზე მუქარის წერილი მიიღო. შესვენებაზე დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ტრავმა მივიღე და თამაში ვეღარ შევძელი. უპირატესობა ურუგვაისკენ გადავიდა. გვაჯობეს და 4:2 მოიგეს. რომ არა ჩემი დაშავება, დარწმუნებული ვარ, ტიტულს ჩვენ მოვიგებდით. ამ მოგონებებმა დიდი ჭრილობა დამიტოვეს. ჩვენ არ უნდა წაგვეგო!“

ვარალომ პირველი ფინალის მონაწილეებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა და მოესწრო მისი სამშობლოს ორივე მსოფლიო ჩემპიონობას. ის 100 წლის ასაკში, 2010 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.
ფინალის მეორე დღე ურუგვაიში ოფიციალურად ზეიმად გამოცხადდა. ჯილდოს სახით ურუგვაის ნაკრების უკლებლივ ყველა მოთამაშეს სახლები გადასცეს. ამავე დროს, ბუენოს-აირესში ურუგვაის საელჩო ქვებით დაბომბეს, ხოლო ორივე ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად შეწყვიტეს ერთმანეთთან ურთიერთობა.
ინგლისურმა გაზეთმა Guardian-მა ფინალურ მატჩს ერთი პატარა აბზაცი მიუძღვნა, სადაც ძირითადად იმაზე იწერებოდა, რომ ფინალმა ზღვა ემოცია დაიტია. ისევე, როგორც ინგლისის თასის ფინალმაო.

ისაუბრო პირველი მსოფლიო თასის ფინალზე და არაფერი თქვა ურუგვაელთა ფორვარდ ექტორ კასტროზე, დაუშვებელია. ექტორ კასტრო ისტორიის კუთვნილებაა. მსოფლიო ჩემპიონატებზე ურუგვაელთაგან იგი პირველი გოლის ავტორია – პირველ შეხვედრაში მის მიერ მე-60 წუთზე გატანილი გოლი აგრეთვე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა პერუსთან დაპირისპირებაში. ამასთან, ის ერთადერთი ცალხელა ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მან ფინალშიც შეძლო გოლის გატანა. კასტრომ 13 წლის ასაკში ელექტროხერხით თამაში გადაწყვიტა და მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა. აქედან მოდის მეტსახელიც – El Manco – ცალხელა.








