რამდენიმე დღეა ქართულ და რუსულ მედიაში აქტიურად იწერება ხვიჩა კვარაცხელიას „ტოტენჰემში“ ან „იუვენტუსში“ ტრანსფერის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვიჩას აგენტმა, მამუკა ჯუღელმაც ისაუბრა, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა.
ჯუღელის მტკიცებით, კვარაცხელია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 90%-ით კლუბს გამოიცვლის, რასაც ქართველი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან.
ბუნებრივია, გავრცელებული ხმების გადამოწმებას რუსული მედიის წარმომადგნლები „რუბინის“ მთავარ მწვრთნელთანაც ეცადნენ, თუმცა სლუცკიმ ყველა მამუკა ჯუღელთან გადაამისამართა:
„წავა თუ არა ხვიჩა „ტოტენჰემში“? ამის შესახებ არაფერი ვიცი. ამ ინფორმაციებს მისი აგენტი ავრცელებს და უმჯობესი იქნება თუ მას შეეკითხებით“, – განაცხადა ყაზანური კლუბის დამრიგებელმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 3 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ხვიჩას „რუბინთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 18 მილიონ ევროდ ფასდება.





