ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. აქედან ერთ-ერთი ლონდონის „ჩელსი“, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოს“ შინაურ კელდებში აჯობა და 2:0 მოუგო.
არისტოკრატებმა „როხიბლანკო“ ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხეს და არავითარი კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ. „სტემფორდ ბრიჯზე“ გოლები ჰაკიმ ზიეჩმა და ემერსონმა გაიტანეს.
ბუნებრივია, რომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი შედეგით კმაყოფილია.
„ჩელსი დიდი გუნდია და ბედნიერი ვარ, რომ მისი სრულფასოვანი წევრი გავხდი. სიმართლე გითხრათ, დანიშვნის დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თითქოს ოჯახში ვარ.
შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. თავისთავად კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯითაც. მათ დავალებას თავი იდეალურად გაართვეს. მეტოქემ პრესინგის თამაში და ფონს ასე გასვლა სცადა, თუმცა მათ ჩანაფიქრს იოლად გავუმკლავდით.
ჩემი ფეხბურთელები ტიტულებს არიან მოწყურებულნი და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღევანდელი მატჩით დიდი სიამოვნება მივიღე“ – აღნიშნა „ჩელსის“ გერმანელმა დამრიგებელმა.





