ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. გათამაშებაში სულ რაღაც 3 სატურნირო დღე დარჩა, ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში 4 ქართველი სპორტსმენის გამოსვლას უნდა ველოდოთ.
ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 6 აგვისტოა. ამ დღეს საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი დაიცავს.
ყველაზე დიდი ყურადღება ალბათ გენო პეტრიაშვილისკენ არის მიმართული. ქართველი ფალავანი ხვალ ფინალურ შეხვედრაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გენოს მეტოქე ამერიკელი გეიბლ სტივენსონი იქნება, შეხვედრა კი თბილისის დროით 15:00-ზე დაიწყება.
ხვალ საქართველოს ღირსებას კიდევ ერთი მოჭიდავე დაიცავს. ელიზბარ ოდიკაძე 1/8-ში ირანელ მოჰამადჰოსეინს დაუპირისპირდება. შეჯიბრი 06:30-ზე დაიწყება.
6 აგვისტოს საქმეში ჩვენი ტანმოვარჯიშე, სალომე ფაჟავაც ჩაერთვება. საკვალიფიკაციო შეჯიბრი თბილისის დროით 05:20 საათზე დაიწყება და ქართველ სპორტსმენს ფინალში გასასვლელად 26 გამომსვლელიდან საუკეთესო 10-ში მოხვედრა დასჭირდება.
შეგახსნებთ, რომ ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურ ჩათვლაში ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე გახდნენ. ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი კი ანტონ პლესნოის ერგო. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთი პრიზიორი გენო პეტრიაშვილი იქნება, რომელსაც მხოლოდ მედლის სინჯი აქვს გასარკვევი – ოქრო, თუ ვერცხლი.





