უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძიუდოში თელ-ავივში მიმდინარე გრან-პრის გათამაშების დასკვნითი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე უხვმოსავლიანი იქნება.
წინა ორ დღეს თუ ლაშა გუჯეჯიანის გაწრთვნილმა გუნდმა ჯამში ორი მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო), ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაო მოიპოვა, დღეს ქართველ ძიუდოისტებს ერთბაშად 5 მედლის დასაკუთრების შანსი აქვთ და აქედან ორი უმაღლესი სინჯის.
მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევდრობით.
თელ-ავივში გაშლილ ტატამზე მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 წონითი კატეგორიის კიმონოისტები გავიდნენ და სასიხარულოა, რომ 90 კილოგრამში სულაც ქართულ ფინალს ვიხილავთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნიკოლოზ შერაზადაშვილი ესპანეთის სახელით ჭიდაობს. მისი მეტოქე კი ოქროს მედლისთვის ბრძოლაშა ლაშა ბექაური იქნება, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ისრაელი, გერმანიის, იტალიის და სლოვაკეთის წარმომადგენლებს სძლია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილიც. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი იქნება.
100 კილოგრამში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ონისე სანებლიძეს. ჩვენებური ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკთან დამარცხდა, მესამე საპრიზო ადგილისთვის კი ჩვენებურ ილია სულამანიძეს დაეჭიდება.
მძიმე წონაში კი გულშემატკივარი ქართულ-რუსული ფინალის მოლოდინშია. გელა ზაალიშვილმა მიჯრით მოუგო უნგრელ, ისრაელის წარმომადგენელს, ნიდერლანდელ, ნახევარფინალში კი თანამემამულე გურამ თუშიშვილს და საჩემპიონო კვარლცხბეკზე ასასვლელად რუს ტამერლან ბაშაევს დაეჭიდება.





