წყალში ხტომას საქართველოში ტრადიციები ყოველთვის ჰქონდა. სპორტის ამ სახეობაში არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი გვახსოვს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე ქვეყნისთვის სახელი გაუთქვამს და წარმატებისთვის მიუღწევია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული შედეგებით ვეღარ დავიკვეხნით, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეები კი გვყოლია.
დღესღეობით კი ყველაზე გამოცდილ წყალში მხტომელად ჭოლა ჭანტურია ითვლება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადება. რა და როგორ იქნება მალე გამოჩნდება, მანამდე კი „პრაიმსპორტმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ვფიქრობთ მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

-წყალში ხტომას შეგნებულად დავუკავშირე ცხოვრებათქო ვერ ვიტყვი, თუმცა ასე რომ მოხდა ნამდვილად არ ვნანობ. მაშინ ჯანმრთელობის სპორტული ცენტრები არსებობდა და მე 6 წლის ასაკში მშობლებმა გასაკაჟებლად და მეტი მოქნილობის ჩამოსაყალიბებლად ერთ-ერთ დარბაზში მიმიყვანეს, სადაც ძირითადად ტანვარჯიშზე გვავარჯიშებდნენ.
ერთხელაც დარბაზში ბატონი ალექსანდრე ბართაია მოვიდა, რომელიც ახლაც ჩემი მწვრთნელია, რამდენიმე ბავშვი აგვარჩია და აუზში გადაგვიყვანა. სიმაღლიდან წყალში გადმოხტომა ყველა ბავშვს სიამოვნებს და უხარია. მეც ამან მიმიზიდა, შემდეგ კი უკვე საქმეს პროფესიონალურად მივუდექი და წყალში მხტომელი გავხდი.

-შენი პირველი საერთაშორისო ტურნირი თუ გახსოვს?
-რა თქმა უნდა. ასეთი რამ მეხსიერებიდან არასოდეს იშლება. მახსოვს უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თან არანორმალურად ვნერვიულობდი.
7 წლის ვიყავი და მოსკოვში წაგვიყვანეს საერთაშირისო ტურნირზე. შეჯიბრებები დარბაზშიც იმართებოდა და წყალზეც. მახსოვს ტურნირზე გოჩა გახარია მონაწილეობდა, რომელიც უკვე გამოცდილი სპორტსმენი იყო. დიდების პარალელურად შეჯიბრებები 8 წლამდე ბავშვებშიც გაიმართა.

დარბაზში პირველი ადგილი დავიკავე, ხოლო წყალზე მესამეზე გავედი.
-ყველა სპორტსმენს ჰყავს თავისი კუმირი. შენ ამ მხრივ გამონაკლისი ხომ არ ხარ?
-არა, მეც მომწონდა ერთი წყალში მხტომელი, ჩინელი ტიან იანი, რომელსაც ვბაძავდი და მინდოდა მსგავსად მეხტუნავა კოშკურიდან. დიდი ხანია უკვე აქტიური სპორტიდან წავიდა, მაგრამ კუმირად მაინც ის მყავს.
-შენი პროფესიონალური კარიერიდან ყველაზე მწარედ და ტკბილად რა გაგონდება?
-2009 წელს, ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატი არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა დიდებში და ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვე. ბუნებრივია, ამან ძალიან გამახარა და ჩემთვის დღემდე სასიამოვნო მოგონებად რჩება.
რაც შეეხება გულდაწყვეტას, ძირითადად მაინც ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. უფრო სწორად, აქამდე რომ ვერ შევძელი ამ უდიდეს ფორუმზე მოხვედრა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბოლო ხტომა გავაფუჭე, რაც შეეხება ლონდონის თამაშებს ერთი ადგილი დამაკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად. იმ ტურნირზე მსაჯების არაობიექტურ გადაწყვეტილებებსაც გავუსვამ ხაზს, რამაც საბოლოოდ ოლიმპიადის მიღმა დამტოვა. 28 კაცში მოხვედრა იყო საჭირო, მე კი 29-ე ადგილზე გავედი. ეს ამბავი დღემდე მაწუხებს.

-მივადექით ოლიმპიური თამაშების თემასაც. სულ მალე ტოკიოს სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრები. რა მოლოდინი გაქვს?
-ტურნირიც თავად ტოკიოშია, რომელიც სატესტო შეჯიბრებად ითვლება, მაგრამ რეალურად მსოფლიო თასის გათამაშებაა. იაპონიაში 12 აპრილს მივემგზავრებით.
ცოტა რთულია რაიმე კონკრეტულზე საუბარი, რადგან თვეზე მეტია წყალზე არ გვივარჯიშია და სულ მალე უკვე სალიცენზიო ტურნირი გველის. მოლოდინი ალბათ ის არის, რომ სხვებიც ვერ იქნებიან სათანადოდ მომზადებულნი, რადგან ამ პანდემიის გამო მათაც ჰქონდათ არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.
ტურნირზე 70 მონაწილე იქნება, ხოლო ოლიმპიადის ლიცენზის მოსაპოვებლად 18 საუკეთესოში მოხვედრაა საჭირო. უიმედოდ რა თქმა უნდა არ ვარ. პირველ რიგში ჩემი გამოცდილების იმედი მაქვს.

–ყველა სპორტსმენს აქვს რაღაც ოცნება. შენი რა არის?
-ჩემი ოცნებაც და მიზანიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.
-შენს სუსტ და ძლიერ მხარეებზე რას გვეტყოდი?
-ადრე მქონდა რაღაც სუსტი წერტილები, მაგრამ ახლა ვფიქრობ ყველა რგოლი დარეგულირებული მაქვს.
-გსურს რომ შენმა შვილებმაც მამის გზა აირჩიონ?
-რთული სათქმელია. ჩემი მეუღლეც ყოფილი წყალში მხტომელია, ასე რომ ოჯახში კარგად ვიცით რა არის მაღალი მიღევების სპორტი.

მე რაც მაქვს გამოვლილი ამაზე რომ ვფიქრდები შვილები საამისოდ არ მემეტება და მირჩევნია სხვა პროფესიას მიჰყონ ხელი. ორივე შვილი სპორტული დარბაზების ხშირი სტუმრები არიან, რადგან მშობლებს დაყვებიან ვარჯიშებზე და მოსწონთ ბატუტზე ხტომაც და სხვა იარაღებთან ურთიერთობაც, მაგრამ ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
–დაბოლოს, რაიმეს ხომ არ დაამატებდი?
-აუცილებელია, რომ სპორტსმენებს საკუთარი ბაზა ჰქონდეთ. არ შეიძლება კერძო საკუთრებაში გიწევდეს ვარჯიში და ვთქვათ აუზიდან იმიტომ გიშვებდნენ, რომ აბონემენტის მქონე ხალხი მოვიდა და შენი დრო ამოიწურაო გითხრან.
ახლახანს უკრაინაში ვიყავით შეკრებაზე და იქ მსგავსი რამ წარმოუდგენელია მოხდეს. როდესაც სპორტსმენს ხშირად საათზე ყურება არ მოუწევს და იმის შიში არ ექნება ახლა დარბაზიდან ან აუზიდან გამიშვებენო, საქმეც უფრო წინ წავა.





