უეფამ ავსტიასა და ჩრდ. მაკედონიას შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, „შანხაის“ და ავსტრიის ნაკრების შემტევმა, მარკო არნაუტოვიჩმა ჩრდ. მაკედონიის მცველს, ეზგიან ალიოსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული ეპიზოდის შესწავლა დაიწყო. თავად არნაუტოვიჩმა თამაშის შემდეგ აღიარა, რომ ალიოსკის მისამართით უცენზურო სიტყვები წარმოსთქვა. უეფამ ამ საქმეზე სპეციალური ინსპექტორი დანიშნა, რომელიც ფაქტს დეტალურად გამოიძიებს. თავდაპირველად, ეს იქნება პირველი ეტაპი, რომელიც მაქსიმალურად მოიძიებს ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს, ამის შემდეგ კი გაირკვევა კონკრეტულად რომელი რეგულაცია დაარღვია 32 წლის ფეხბურთელმა.
ბუნებრივია, ეს ფაქტი არ გამოპარვიათ ტელევიზიებს და რამდენიმე მედიასაშუალებამ ავსტრიელი ფეხბურთელის სიტყვები მაშინვე გაშიფრა. „I’m f***ing your Albanian mother!“ – როგორც express.co.uk ამტკიცებს, არნაუტოვიჩმა მეტოქეს ამ სიტყვებით მიმართა. საგულისხმოა, რომ ეპიზოდი არ გამორჩენია ავსტრიის ნაკრების კაპიტანს, დავიდ ალაბას და ის თანაგუნდელის დაწყნარებას მაშინვე ეცადა.
თავად არნაუტოვიჩმა ალიოსკის სოციალურ ქსელში ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ეს მან გაცხარებულ გულზე გააკეთა.
„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა ერთი რამ: მე არ ვარ რასისტი! ბოდიში, ბოდიში და ბოდიში… მოდით დავივიწყოთ ყველაფერი, ეს არ არის ფეხბურთის ნაწილი“, – ამბობს არნაუტოვიჩი.
ფაქტს გამოეხმაურა ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციაც:
„ჩვენ უეფას ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ. მარკო არნაუტოვიჩი მკაცრად უნდა დაისაჯოს!“ – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება შეხვედრას, ის ავსტრიის ნაკრების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.





