ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის დაპირისპირებები რომსა და ბუქარესტში განახლდა. მარადიულ ქალაქში „ლაციომ“ ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს „ბაიერნს“ უმასპინძლა და 1:4 განადგურდა.
წყვილის ფავორიტად იმთავითვე რეკორდმაისტერი მიიჩნეოდა და მათაც გულშემატკივართა იმედები გაამართლეს. მიუნხენურმა გრანდმა 1/4 ფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
მატჩის შემდეგ ბუნებრივია იმედგაცრუებული იყო რომაელთა მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი.
„შეიძლებოდა მატჩი სულ სხვა სცენარით წარმართულიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ არბიტრი პენალტს დაგვინიშნავდა და ანგარიშს გავათანაბრებდით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს საჩვენოდ არაფერი მომხდარა.
„ბაიერნი“ ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი. ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების და ტიტულის შენარჩუნების უმთავრესი კანდიდატები არიან. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ზედმეტად დაძაბულები მოქმედებდნენ.
საერთო ჯამში ამ დაპირისპირებიდან ბევრს ვისწავლით და კიდევ უფრო გავიზრდებით. გოლების უმეტესობა ჩვენი შეცდომების გამო გაგვიტანეს. ისე გამოვიდა, რომ მათ საქმე გავუმარტივეთ, რაც ნამდვილად არ ესაჭიროებოდათ.
სასიხარულოა, რომ ამ ეტაპამდე მოვედით. მარცხით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ რასაც მივაღწიეთ ამის დავიწყებაც არ შეიძლება“ – ამბობს სიმონე ინძაგი.





