კალიარიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის ნახევარი მილიონი ევროა, წარმატებულ სვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ადრეც გაუწყეთ, რომ ჩვენებური მეჩოგნე ორგანიზატორებმა ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესეს, წილისყრაშიც ოდნავ გაუმართლა და პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი რთული მატჩის გადატანა მოუხდა სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან, ვისთანაც თითქმის 3 საათიანი დაპირისპირება მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე კი იან ლენარტ-შტრუფი გახლდათ, რომელსაც გრუნტზე თამაში ეხერხება და ბევრიც გაუმწარებია. გერმანელი მეჩოგნე რეიტინგის 41-ე ნომერია, ხოლო სარდინიაზე მეხუთე განთესვა ჰქონდა.
ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი კორტის საპირისპირო მხარეს აქამდე 6-ჯერ დამდგარან და უპირატესობას შტრუფი ფლობდა – 4:2.
მარტივი მატჩი რომ არ იქნებოდა იმთავითვე ნათელი იყო. სპეციალისტები კი მცირე უპირატესობას შტრუფს ანიჭებდნენ და გამარჯვებასაც მას უწინასწარმეტყველებდნენ.
პირველი სეტი ორივე ჩოგბურთელმა ოდნავ ქაოტურად დაიწყო და ვერცერთი მათგანი საკუთარი მოწოდების მოგებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მაინც ბასილაშვილმა იმძლავრა და პირველი სეტიც 7:5 მოიგო.
საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტის შემდეგ სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა თამაშის მეორე სეტში დასრულება მაინც შეეძლო. სამწუხაროდ, ჩვენებურს რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა, მეტოქეც უკეთ ათამაშდა – 6:4 გერმანელის სასარგებლოდ და შტრუფმაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე გადამწყვეტ სეტში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქართველმა ჩოგბურთელმა სრული მობილიზება მოახერხა და იან ლენარტ-შტრუფს – 6:3.
კალიარის 250-იანი კატეგორიის ფინალში გასასვლელად ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდება.





