„პორტუმ“ იბრძოლა, თუმცა თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. პორტუგალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან „იუვენტუსის“ გამოგდების შემდეგ, კიდევ ერთ გრანდს ვეღარაფერი მოუხერხა და „ჩელსისთან“ ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო.
განმეორებითი დაპირისპირება პორტუგალიელებმა მეჰდი ტარემის მიერ 94-ე წუთზე ბრწყინვალე მაკრატელათი გატანილი გოლით მოიგეს, მაგრამ მეტისთვის დრო აღარ ეყოთ.
„პორტუს“ დამრიგებელი სერჟიო კონსეისაო მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, რადგან მის გუნდს ნახევარფინალამდე ცოტა დააკლდა.
„ვამაყობ ჩემი გუნდით. არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ და ბოლომდე ვიბრძოდით. უშანსოდ არ წაგვიგია. პირიქით, ძლიერ მეტოქეს, რომლის რიგებშიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს დღეს მომენტების შექმნის ბევრი შანსი არ მივეცით.
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მატჩი იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპულ სარბიელზე ჩავატარეთ.
ანგარიშის გახსნა უფრო ადრეც შეგვეძლო, ბოლოს კი მეორეს გასატანად დრო აღარ იყო. ისე, რეალური მომენტი არც მეტოქეს ჰქონია“ – აღნიშნა „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა.





