საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა 32:18. ქართველმა ხელბურთელებმა პირველი ტაიმი 14:6 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო. “მონპელიესა” და საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ვერ შეაჩერეს, გარდა გოლების, მან რამდენიმე საგოლე გადაცემაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეულმა კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.





