საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა. უწყების განმარტებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ განმეორებით არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა აღნიშნული საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ იდგა, რის გამოც საჯარო რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა.
პროცედურულად, რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ან წესდების ცვლილების საკითხის ამოღება (ამ შემთხვევაში რეესტრი ტყემალაძეს კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირებს) ან ახალი ყრილობის მოწვევა და წესდების თავიდან დამტკიცება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა. მან დელეგატებისგან 42 ხმა მიიღო. ასევე ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.
მანამდე, 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირში კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ირაკლი აბუსერიძემ მოიპოვა. 1 კვირაში, საჯარო რეესტრმა ვეტერანი მორაგბის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დაასახელა. ირაკლი აბუსერიძე 10 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.








