ზაფხული ყოველთვის არის სატრანსფერო ციებ-ცხელებით გადატვირთული. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მოახლოებული ზაფხული იქნება. გაჩაღდება ერთი მიდი-მოდი და ალბათ არაერთ ხმაურიან ტრანსფერებსაც ვიხილავთ.
ის, რომ ერლინგ ჰალანდზე ბევრ ევროპულ გრანდს აქვს თვალი დადგმული არახალი ამბავია. ნორვეგიელი ტალანტის შენარჩუნება დორტმუნდს წესით ძალიან უნდა გაუჭირდეს.
ერთ-ერთი ვინც ჰალანდის გადაბირება სურს „ბარსელონაა“. კატალონიურ გუნდს თან ძველ-ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ხუან ლაპორტაც მსუყე ტრანსფერებისთვის ემზადება.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ერლინგ ჰალანდის აგენტი მინო რაიოლა და მამაალფ-ინგე ჰოლანდი ბარსელონაში ჩაფრინდნენ და მათ აეროპორტში ლაპორტას წარმომადგენელი დახვდა.
ბოლო პერიოდში ჰალანდისადმი „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ აქტიურად იწერება და მთავარი სასაუბრო თემაც სწორედ ეს ტრანსფერი იქნება. თანაც მინო რაიოლასა და ხოან ლაპორტას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ეს „ბლაუგრანას“ ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ პოპულარული ბრიტანული გამოცემები ერლინგ ჰალანდს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.





