ალბათ შორს არ არის ის დრო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია რუსეთს დატოვებს და ევროპის რომელიმე ტოპ ლიგას მიაშურებს. აურაცხელი ჭორების და მითქმა-მოთქმის მიხედვით, ქართველი ტალანტის ტრანსფერი ამ ზამთარსაც შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო, მაგრამ საქმე-საქმეზე არ მისულა.
სხვადასხვა პოპულარული რუსული გამოცემები იუწყებიან, რომ „რუბინი“, სადაც ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება დათანხმდა საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეელიოს.
ყაზანური გუნდი ხვიჩა კვარაცხელის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვს და კიდევ ერთ პირობას აყენებს. ხელშეკრულებაში ჩაიდოს მუხლი, რომლის თანახმადაც კვარაცხელიას კიდევ სხვა გუნდში გაყიდვის შემთხვევაში „რუბინმა“ პროცენტის თანხის სახით გარკვეული სარგებელი ნახოს.
რუსული გამოცემების თქმით, „რუბინი“ ადასტურებს, რომ ქართველი ტალანტისადმი ინტერესს რამდენიმე იტალიური გუნდი გამოთქვამს, თუმცა გრანდი არცერთი არ არისო. ასევე ამბობენ, რომ სხვა ქვეყნების ევროპული გრანდებიდანაც სერიოზული ინტერესი არ ყოფილაო.
აქვე იმასაც იუწყებიან, რომ შარშან, ყაზანური გუნდი არ დათანხმდა „კრასნოდარის“ შეთავაზებას 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელია არენდის სახით აეყვანათ.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





