„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მედიას გაუბრაზდა. მას შემდეგ, რაც კატალონიურ გრანდში პრეზიდენტან ჟოან ლაპორტა დაბრუნდა, უმალ დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ სეზონის ბოლოს „ბლაუგრანას“ დამრიგებელს გუნდის დატოვება მოუწევს.
„ბარსელონას“ ნიდერლანდელი თავკაციც, ვისაც ფეხბურთელობისას კარიერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ნოუ კამპზე გაუტარებია, ჟურნალისტებისგან ამ კითხვაზე პასუხს არ გაურბის, თუმცა მასში გაღიზიანებას კი იწვევს.
„ცოტა უცნაურად მეჩვენება, როდესაც მსგავსი ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემა მიხდება. ჩვენ 19 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, ახლახანს მხოლოდ ერთი მარცხი განვიცადეთ და უკვე გუნდში ჩემს მომავალზე უნდა დავფიქრდე?
ბარსელონასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ძალიან კარგად მესმის, რომ იყო ასეთი დონის გუნდის მწვრთნელი დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ შემიძლია მას გავუმკლავდე.
რა თქმა უნდა, ახალ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან საუბარი მქონდა და ის სრულ ნდობას მიცხადებს“ – ამბობს რონალდ კუმანი.








