საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-10 ჯგუფში პირველი ადგილზე გავიდა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში უძლიერესი ნორვეგიის 19-წლამდე ნაკრები დაამარცხა, მანამდე კი კოსოვოს ნაკრებს მოუგო, უელსთან კი ფრე ითამაშა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ოთარ მამაგეიშვილი გახლდათ, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და შეტევაში ბურთს იდეალურად ანაწილებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „საბურთალოს“ ღირსებას იცავს და ამ კლუბშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
„პრაიმ სპორტი“ ოთარ მამაგეიშვილს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. ოთომ განვლილ შესარჩევზე, სამომავლო გეგმებზე და ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა:
– პირველ რიგში გილოცავთ ელიტ რაუნდში გასვლას, როგორი გრძნობა დაგეუფლათ ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ?
– მადლობა. მოგება ძალიან გვჭირდებოდა და ყველაფერი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად, რაც შედეგზეც აისახა. ვიცოდით რა დონის ნაკრებთან გვქონდა თამაში და რა თქმა უნდა გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იყო.
– როგორ შეაფასებდით ბოლო 3 თამაშს?
– ნამდვილად კარგი თამაშები გამოვიდა არა მხოლოდ შედეგის თვალსაზრისით. იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ის ფილოსოფია, რასაც ვასილ მაისურაძე ითხოვს ჩვენი ნაკრებისგან.
– როგორია ვასილ მაისურაძის როლი ნაკრებში?
– ვასკა მაისურაძის ხელმძღვანელობით როგორც ამხანაგურ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ვიასპარეზეთ, ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია რასაც მისი წარსული ამტკიცებს.
– როგორ ფიქრობ, რა შანსები გექნებათ ელიტ რაუნდში?
– ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა სწორი მიმართულებით წინსვლა და ამავდროულად ბევრი შრომა და რწმენა დაგვეხმარება სასურველ მიზნამდე მიღწევაში.
– თქვენი მეტოქეებიდან რომელ ნაკრებს გამოარჩევდით?
– ნამდვილად რთული ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა გამორჩეული მაინც მასპინძელი ნორვეგია იყო.
– რა არის ამ წარმატების მთავარი მიზეზი?
– გუნდურობა, ერთი მიზნისკენ სწრაფვა, სამშობლოს სიყვარული და რწმენა., სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენი პირველობა.
– რა არის გუნდის მოტივაცია?
– როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით გიწევს თამაში, მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია.
– საქართველოს ნაკრებს შოთი და აჩი არველაძეების სახით დასამახსოვრებელი ტყუპი ძმების დუეტი ჰყავდა. ხშირად გადარებენ თუ არა შენ და გიზის ძმებ არველაძეებს და არის თუ არა ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია?
– დიახ, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები. შოთი და აჩი სამაგალითო ადამიანები არიან არამხოლოდ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, სასიხარულოა როდესაც ასეთ ადამიანებს გადარებენ.
– რომელ პოზიციაზე თამაშობ და ვინ მიგაჩნია შენს პოზიციაზე საუკეთესოდ?
– პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი ვარ. ბევრი ფეხბურთელია, რომლის თამაშიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, გამორჩევა მიჭირს.
– რა არის შენი ოცნება და მიზანი?
– მიზანი არის ეროვნულ ნაკრებში თამაში, საკლუბო დონეზე კი ტოპ 5 ჩემპიონატში მოხვედრა და თავის დამკვიდრება. რაც შეეხება ოცნებას, საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდი ჩემპიონატის მოგება… ისეთიც, როგორიცა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი.





