რევაზ ინჯგია კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს. Transfermarkt.com-ის ინფორმაციით, ის ლიმასოლის აპოლონს შეუერთდა, რომელიც 2020-2021 წლების სეზონში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლიმასოლურ კლუბში შარშანდელი სეზონი გიორგი პაპუნაშვილმა გაატარა, რომელმაც ამ კლუბის მაისური 8-ჯერ მოირგო.
ინჯგიასთვის აპოლონი მეორე უცხოური კლუბია. მან თავდაპირველად უცხოური კარიერა სერბულ რადნიჩკიში დაიწყო, საიდანაც საქართველოს ჩემპიონატში მალე დაბრუნდა. რევაზი თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია და ეროვნულ ლიგაში დებიუტიც სწორედ ამ გუნდის რიგებში შედგა. მისი ბოლო გუნდი საქართველოში თელავი იყო.
ინჯგია კვიპროსში დიდ ქართულ ლეგიონს შეუერთდა. მოგეხსენებათ, რომ იქ გიორგი პაპუნაშვილი (აპოლონი), გიორგი ლორია (ანორთოსისი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელ), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ირაკლი მაისურაძე (ენოსისი) თამაშობენ, ხოლო თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელია.






