რომის და მადრიდის მასტერსებამდე, საჩოგბურთო კალენდარში კიდევ ორი მნიშვნელოვანი ტურნირია, რომლებიც 26 აპრილიდან პორტუგალიურ ეშტორილში და მიუნხენში აიღებს სტარტს.
ქართველ გულშემატკივართა ყურადღება ამ შემთხვევაში გერმანიისკენ იქნება მიმართული, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილმა სწორედ მიუნხენის ტურნირზე თამაში არჩია, რომლის საპრიზო ფონდიც 419,470 ათასი ევროა.
მიუნხენის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩილელი კრისტიან გარინია, ხოლო წლევანდელ ტურნირზე პირველ ნომრად ალექსანდრე ზვერევია განთესილი, მეორედ კი ნორვეგიელი კასპერ რუდი. რაც შეეხება ჩვენებურს, ბასილაშილს ორგანიზატორებმა მეხუთე განთესვა მიანიჭეს.
ამასობაში შედგა წილისყრაც და გაირკვა თუ ვინ იქნება ქართველი მეჩოგნის მეტოქე პირველ წრეში. ეს ტიაგო მონტეიროა, რომელთანაც ბასილაშილს ტკბილი მოგონებები არ აკავშირებს. ქართველი ჩოგბურთელი ბრაზილიელს შარშანდელ როლან გაროსზე დაეჩაგვრინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ტიაგო მონტეირო რეიტინგის 76-ე ნომერია.
იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრაზილიელ ჩოგბურთელთან რევანშს აიღებს, ასეთ შემთხვევაში კი მისი მეტოქე სტეფანო ტრავალიასა და სებასტიან კორდას შორის უკეთესი იქნება.





