კი თუ არა? არის როჯერ ფედერერი ყველა დროის საუკეთესო და არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ ზოგადად სპორტში? ის ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენია და სულაც არ არის საჭირო კარიერის დასრულებას დაველოდოთ, რათა ამ საკითხზე ვიმსჯელოთ.
ორი აზრი არ არსებობს, რომ დიადი რკინის როჯერის მიერ შექმნილ საჩოგბურთო ეპოქაზე ყოველთვის აღმატებულ ხარისხში ისაუბრებენ. ის შვეიცარიაში ბოლო 70 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და ამ სტატუსისთვის საჩოგბურთო სამყაროშიც თავისუფლად „გაიქაჩება“, მაგრამ სხვანაირად ფიქრობს ახლო წარსულში ყოფილი ჩოგბურთელი და ახლა უკვე ექსპერტი გრეკ რუსეცკი.
ჯერ იყო და მან ფედერერს კარიერის დასრულება 2021 წელს უწინასწარმეტყველა, ახლა კი უფრო შორსაც წავიდა და გადაჭრით თქვა, რომ როჯერი სამეფო სპორტის საუკეთესოობაზე ფიქრს უნდა შეეშვას.
„როჯერს 20 დიდი სლემის ჯილდო აქვს მოხვეჭილი და ეს უნიკალური შედეგია, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდება. რაფაელ ნადალი მას უკვე გაუთანაბრდა, ნოვაკიც ახლოს არის, ფედერერმა კი მაქსიმუმ კარიერის ბოლომდე მის კოლექციას ერთი დიდი მუზარადის თასი შეჰმატოს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, როჯერს რაფაც და ჯოკოვიჩიც გადაუსწრებენ. ამიტომა, ის ჩოგბურთის ყველა დროის საუკეთესოზე პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს. ამ სტატუსისთის ნადალი და ჯოკოვიჩ იბრძოლებენ“ – ამბობს გრეკ რუსეცკი.
შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა გუნდთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა თებერვალში გასამართი ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს.








