საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „სპორტის საათში“ სტუმრობისას ახალ საკალათბურთო მოედანზე ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე სპეციალურად „ევრობასკეტისთვის“ შენდება:
„დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს იმ ტემპში, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სამშენებლო კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იმედი გვაქვს, რომ ახალი დარბაზი პირველ სანაკრებო ფანჯარაში თუ არა (ნოემბერი), მეორე ფანჯრის (თებერვალი) სანაკრებო თამაშებს უმასპინძლებს – ერთ, ან ორ მატჩს და მაყურებელიც თავიდანვე მიეჩვევა ახალ მოედანს“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.
შეგახსენებთ, რომ „ევრობასკეტ 2022“-ზე ერთი ქვე-ჯგუფის მატჩები თბილისში, ახლადაშენებულ საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება. ქართველი კალათბურთელები საკუთარ მოედანზე ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბულგარეთის და ბელგიის ნაკრებებს შეხვდებიან.








