“დინამო” ბათუმი “სივასპორთან” კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.
“დინამო” ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა “სივასპორთან” მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული შეხვედრის მოლოდინი აქვს.
გია გეგუჩაძე:
“გუნდში ნორმალური განწყობაა ჩვეულებრივი, წინასამატჩო. არ იქნება იოლი თამაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან რთული მატჩისა და მით უმეტეს, ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, თუმცა ვფიქრობ, სათანადო განწყობის შემთხვევაში შანსი გვექნება, ვგულისხმობ ფეხბურთელების ხასიათს, თორემ მათ ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება.
საკმაოდ შეკრული და კარგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი გვყავს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, ორივე ტაიმი სრული კონცენტრაციით, შემართებით, მომდომებითა და მტკიცე ხასიათის გამოვლენით ჩავატაროთ.
რა თქმა უნდა, არ იყო სასურველი ზარიას, კუპატაძისა და გაფრინდაშვილის გამოკლება და კარგი იქნებოდა გუნდში მათი ყოფნა. რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, მას ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ.
დავიმატეთ ცენტრალური ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. ნახევარდაცვა ისეთი რგოლია, ყველაზე მეტი ფეხბურთელი აქ უნდა გვყავდეს. ვძლიერდებით და ეს ბუნებრივია”.
შეგახსენებთ, რომ “დინამო’ ბათუმისა და “სივასპორის” საპასუხო დაპირისპირება 12 აგვისტოს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში “კოპენჰაგენსა” და პლოვდიდის “ლოკომოტივს” შორის მოგებულს შეხვდება.





