პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი რეკორდების მსხვრევას განაგრძობს. კრიშტიანო რონალდუმ აქამდე დაფიქსირებულ არაერთ მნიშვნელოვან საფეხბურთო მიღწევას კიდევ ერთი დაუმატა.
იტალიის სუპერთასის ფინალში „იუვენტუსმა“ და „ნაპოლიმ“ თვალსასეირო ბრძოლა გააჩაღეს, თუმცა ტურინელთა უპირატესობა აშკარა იყო – 2:0.
ანგარიში რონალდუმ გახსნა და აღმოჩნდა, რომ ეს ისტორიული გოლი იყო. პორტუგალიელი ფორვარდი გახდა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. აქედან გამომდინარე, „ნაპოლის“ კარში გატანილი ეს გოლი საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
მოკლედ, კრიშტიანო რონალდუს ოფიციალურ მატჩებში 760 გატანილი გოლი დაუგროვდა, ეს კი უკვე რეკორდია. აქამდე, ეს მიღწევა ჩეხ იოზეფ ბიცანს ეკუთვნოდა.
რონალდუს ყველაზე მეტი – 450 გოლი მადრიდის „რეალის“ რიგებში აქვს გატანილი, შემდეგ მოდის მანჩესტერ იუნაიტედი – 118, პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანომ თავი 102 გოლით გამოიჩინა, „იუვენტუსში“ უკვე 85 დაუგროვდა, ხოლო ყველაზე ცოტა 5 გოლი „სპორტინგის“ მაისურით გაიტანა.





