რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე „ტამბოვის“ ქართველი მცველი, ზურაბ გიგაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ინტერვიუს 1TV.GE ავრცელებს, სადაც გიგაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის მზაობას გამოთქვამს.
„საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სამჯერ გამომიძახეს, მაგრამ ერთხელაც არ მითამაშია. ახლა ინტერესი თუ იქნება, გამიხარდება. საქართველო ჩემი სამშობლოა, ოჯახი დღემდე თბილისში ცხოვრობს და მეც მსურს, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მთავარია, იყოს სურვილი, მე ორივე ხელით ვემხრობი“, – ამბობს ზურაბ გიგაშვილი.
19 წლის ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ მას რამდენჯერმე დაუკავშირდნენ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და საკუთარ ნაკრებში თამაში შესთავაზეს.
„მე 9 წლიდან თურქეთში ვიზრდებოდი, ბოლოს „ანკარაგუჯუში“ ვთამაშობდი, რუსეთში კი წელს წამოვედი. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში მიცნობენ. რუსეთის პრემიერლიგაში ორი თამაში რომ ჩავატარე, თურქეთიდან დამიკავშირდნენ და დაინტერესდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ ვაპირებ. როგორც მითხრეს, აინტერესებდათ, მათ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლაზე რას ვფიქრობდი, რადგან ამ ასაკში ცენტრალური მცველების პრობლემები აქვთ. მე საქართველოს ნაკრებში მიწვევას ვიმედოვნებ. თუმცა, ბოლო ორი წელია მიწვევა არ მიმიღია“, – ციტირებს გიგაშვილის სიტყვებს 1TV.GE.
ზურაბ გიგაშვილი კარიერის საწყის ეტაპზე თურქეთში, 2014 წლიდან „კაიოლუსპორის“ აკადემიაში, 2015/18 წლებში კი „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. მიმდინარე წლის თებერვალში ის რუსეთის „არმავირში“ გადაბარგდა, სექტემბერში კი „ტამბოვთან“ გააფორმა კონტრაქტი.





