პსჟ-ს ხელმძღვანელობამ საშობაოდ ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ პარიზული კლუბის მესვეურებმა ტომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იმის გამოა, რომ გუშინ პარიზელებმა სტრასბურგი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლად განაგრძობენ. ტომას ტუხელის გათავისუფლება კი უფრო ლოგიკური მიუნხენის ბაიერნთა, ფინალის წაგების შემდეგ იქნებოდა.
ბრიტანულ პრესაში ასევე აქტიურად იწერება, რომ 47 წლის სპეციალისტს თანამდებობაზე მაურისიო პოჩეტინო შეცვლის, რომელიც „ტოტენჰემიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.
ტომას ტუხელი პსჟ-ს 2018 წლიდან წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 2-ჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საგულისხმოა, რომ მაურისიო პოჩეტინო როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო, პსჟ-ში 2001-2003 წლებში თამაშობდა და პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა.





