გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდნენ? მაშინ ის ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი იყო და მოედანზე LGBT სამკლაურით გამოსვლის გამო გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოში მწვავედ გააკრიტიკა.
ეს ამბავი კი ბრანისლავ ივანოვიჩმა გაგვახსენა, რომელმაც თავი ლონდონის „ჩელსიში“ თამაშით გაითქვა, თუმცა ახლა „ვესტ ბრომვიჩის“ კაპიტანია. სერბი ფეხბურთელი ბოლოს მოედანზე „ნიუკასლთან“ დაპირისპირებაში გამოჩნდა და მისმა გუნდმა 1:2 წააგო, მაგრამ მედიის ყურადღების ცენტრში ამის გამო არ მოქცეულა. აქ მთავარი სხვა რამ იყო – პრემიერლიგაში, მან შექმნა პირველი პრეცენდენტი, როდესაც გასახდელიდან გუნდს ჩვეულებრივი სამკლაურით გამოუძღვა და არა ცისარტყელას ფერებით ლენტშებმული.
შეგახსენებთ, რომ ეს ერთგვარი აქციაა და როგორც პრემიერლიგაში, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში გუნდის კაპიტნებს LGBT სამკლაურები უკეთიათ. ბრანისლავ ივანოვიჩმა კი ამაზე უარი თქვა.





