იყო დრო და არცთუ ისე შორეულ წარსულში, ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ ჯახი არავის სიამოვნებდა და ამბობდნენ წილისწყრაში არ გაგვიმართლაო.
ახლა სხვა ვითარებაა. რა თქმა უნდა, ლონდონელები ისე არ დაძაბუნებულან, ვინმეს მარტივად დაეჩაგვრინონ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თებერვლის ამ მატჩებში გამარჯვებაზე პროგნოზები ალბათ უფრო „ატლეტიკოზე“ გაკეთდება.
ასეა თუ ისე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ, „ჩელსი“ „ატლეტიკოს“ სახით უდავოდ საინტერესო წყვილი შექმნა და ორივე გუნდის ქომაგებიც დიდი ბრძოლის მოლოდინში არიან.
აი, რას ამბობს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი BBC-სთან კომენტარში.
„ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ატლეტიკო სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო. გამოცდილების, დღევანდელი ფორმის და იმ თამაშის ხარისხით, რასაც მადრიდელები აჩვენებენ, რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ურთულესი და უხერხული მოწინააღმდეგეა.
ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე, მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. ჩვენ, საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ. თუ გსურს ასეთი პრესტიჟული ტურნირი მოიგო, მაშინ არავის უნდა შეუშინდე.
ატლეტიკო მართლაც კარგად გამოიყურება. წინა სეზონში მათ ლიგის პლეიოფიდან ლივერპული გააგდეს. ეს კი სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ ორივე მატჩში ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოვამჟღავნოთ და შეუძლებელი არაფერია“ – თქვა არისტოკრატთა დამრიგებელმა.





