უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გაგრამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს სუტიესკას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ორი მატჩის ჯამში ბრძოლას მონტენეგროული კლუბი აგრძელებს. პირველი თამაში სუტიესკამ შინ 1:0 მოიგო.
პირველი ტაიმი უინტერესო, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, საგოლე მომენტები არ შექმნილა. მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო კერესელიძემ ნიკაჩის თავური მოიგერია, თუმცა 51-ე წუთზე ნიკოლა იანჯიჩმა ნიკაჩის პასი მიიღო, საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ძელის დახმარებით ანგარიში გახსნა.
გაგრელთა ყველაზე მწვავე იერიში 65-ე წუთზე შეიქმნა, გოლის გატანა გურამ სამუშიას შეეძლო. ამის შემდეგ გაგრელთა კარი ერთხელ ძელმა იხსნა. 86-ე წუთზე გაგრამ საპასუხო გოლი გაიტანა, თამაზ მაქაცარიამ შორეული მანძილიდან ლამაზი გოლი გაუტანა ვლადო გილიენს.
გაგრა ისტორიაში მეორედ მონაწილეობდა ევროთასებზე. პირველად ეს 2011 წელს მოხდა.





