მეგობრობა გზად და ხიდადო უთქვამთ, მაგრამ თუ ამ გამოთქმას ჩოგბურთს მივუსადაგებთ, ასე ნამდვილად არ არის.
რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ ეგების და სამეფო სპორტშიც არიან მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ, ოჯახებიც შექმნილა და შეყვარებული წყვილებიც ბევრი გვინახავს, თუმცა საერთო ჯამში პროფესიონალურ ტურში ჩოგბურთელებს კარგი დამოკიდებულება არ აქვთ.
როჯერ ფედერერი რომ არა მხოლოდ ჩოგბურთის, ზოგადად სპორტის ლეგენდაა ორი აზრი არ არსებობს. უდიადეს შვეიცარიელ ჩოგბურთელს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. დამწყებ ჩოგბურთელებს რომ თავი დავანებოთ, როჯერი არაერთი მოქმედი და შემდგარი მეჩოგნის შთაგონების წყაროა.
როჯერ ფედერერის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვს სრჯან ჯოკოვიჩს. დიდებული სერბი ჩოგბურთელის და რეიტინგის პირველი ნომრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა იხსენებს, რომ ფედერერი ახალგაზრდულ ასაკში მის შვილს ცუდად ეპყრობოდა.
„15 წლის წინ, როდესაც ნოვაკი ტურში ახალი შემოსული იყო და კარიერას იწყებდა, ფედერერისგან დიდ ზეწოლას განიცდიდა. როჯერი თავისი გამონათქვამებით თუ ქმედებებით ცდილობდა ნოვაკი დაემცირებინა და მუდამ თავს ესხმოდა.
ფედერერი ვერ ეგუებოდა, რომ გამოჩნდა ჩოგბურთელი, რომელიც მასზე უკეთესია და მალე დადგებოდა დრო, როდესაც გვერდით ჩაწევდნენ. მაშინ ვთქვი, რომ როჯერ ფედერერი უდიდესი ჩოგბურთელი, მაგრამ ცუდი ადამიანია. დღესაც ამ აზრზე ვარ“ – ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა.








