საბერძნეთში გაზრდილი 19 წლის თავდამსხმელი ვასილის გორდეზიანი მზადაა, საქართველოს სახელით ითამაშოს, ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გორდეზიანი სალონიკის პაოკ-ში გამოჩნდა და ამხანაგურ მატჩში „ვოლოსს“ გოლი გაუტანა.
„საქართველოს ნაკრებში რომ მომიწვიონ, თუ ვითამაშებდი? რატომაც არა! სიამოვნებით. მადლობა თქვენ, რომ ჩემით დაინტერესდით. საქართველოში ბოლოს 2007 წელს ვიყავი და სამწუხაროდ, კავშირი მარტო ჩემს ნათლიასთან მაქვს. პატარა ვიყავი და ბევრი რაღაც არ მახსოვს. მაგრამ საქართველო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მარტში სალონიკში საბერძნეთი-საქართველოს ნაკრების მატჩში არ ვიცოდი, ვისთვის მექომაგა, რადგან ჩემთვის ორივე ქვეყანა ძვირფასია. გამიხარდება, რომ ორივე ჯგუფიდან გავიდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. მე ყოველთვის ვიტყვი: გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ელადას!“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ვასილის გორდეზიანმა.





