ავსტრიის ჩემპიონატის მე-12 ტურში, „შტურმმა“ „სენტ პოლტენს“ უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. ჩვენთვის კი ეს მატჩი საინტერესო იმით იყო, რომ გრაცელების რიგებში შეუცვლელად ითამაშა და ყველასგან გამორჩეული იყო ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, „შტურმის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე ნაყოფიერი იყო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა თითქმის უმაღლეს ნიშნულს უწია.
მიუხედავად იმისა, რომ კიტეიშვილი „შტურმის“ მწვრთნელმა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგის შემტევად ათამაშა, მან თავი მაინც გამოიჩინა. სწორედ, ჩვენებურის შესანიშნავმა მოქმედებამ და ბრწყინვალე პასმა, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და გოლიც გაიტანა. ანალიტიკურმა გვერდმა „სოფა სქორმა“ ოთარ კიტეიშვილს 10 ბალიან სისტემაში, 7,8 ქულა დაუწერა და ორივე გუნდის რიგებში რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა.





