გადაწყვეტილი ამბავია, რომ ყაზანის გრანდ-სლემზე, საქართველოს ნაკრებს ლუხუმ ჩხვიმიანის გარდა ჩემპიონი აღარ ეყოლება.
ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტატამზე ერთბაშად სამი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ. ლაშა გუჯეჯიანის შეგირდთაგან მედლებისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე (90კგ), იმედა გოგოლაძე (90კგ), ონისე სანებლიძე (100კგ), და საბა ინანეიშვილი (+100კგ) ჩაებნენ.
ნახევარფინალამდე წარმატებით იჭიდავეს ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ, თუმცა ფინალში ვერცერთმა ვერ გააღწია.
მაისურაძემ სენეგალელი, შვედი, გერმანელი და ისრაელის წარმომადგენელი მეტოქეების ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მურაო სანშიროსთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექს კლერგეტს დაეჭიდება, ხოლო სანებლიძემ ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ნიდერლანდელ ძიუდოისტთან წააგო და მესამე ადგილისთვის რუსი ნიაზ ბილალოვის დამარცხებას შეეცდება.





