ოფიციალურად: მანჩესტერ “იუნაიტედმა” ოლე გუნარ სულშერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ნორვეგიელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში 2024 წლის ბოლომდე დარჩება. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში ოლე კლუბში კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე დარჩეს.
“ყველამ იცის, რა განცდა მაქვს ამ კლუბის მიმართ და მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე ახალ კონტრაქტს. მანჩესტერ “იუნაიტედისთვის” ამაღელვებელი დროა, ჩვენ ავაშენეთ გუნდი ახალგაზრდების და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ბალანსით, რომელსაც წარმატება სწყურია. ფანტასტიკური სამწვრთნელო გუნდი მყავს და ყველანი მზად ვართ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. მანჩესტერ იუნაიტედს ყველაზე დიდი და საუკეთესო ტიტულების მოგება სურს და ყველანი სწორედ ამას ვცდილობთ. გავუმჯობესდით როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ და ეს მომავალ სეზონებშიც გაგრძელდება. მოუთმენლად ველი სავსე “ოლდ ტრაფორდს” და ახალი სეზონის დაწყებას”, – განაცხადა სულშერმა.
ნორვეგიელი სპეციალისტი მანჩესტერ “იუნაიტედში” 2018 წლის დეკემბერში, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, დროებით დაინიშნა.
2019 წელს დადებული ხელშეკრულება 2021/22 წლების სეზონის ბოლოს იწურებოდა, თუმცა, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ოლე გუნარ სულშერი გუნდის მთავარი მწვრთნელი უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყოს და მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.





