32 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, ჯეფერსონ ჯერალდო წყალტუბოს “სამგურალში” ითამაშებს. იმერულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
“სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპრაძემ ბრაზილიელ ლეგიონერს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა სხვადასხვა დროს ბრაზილურ “ტიგრესში”, “დუკუ დე კაისასში”, “ბარბარენსეში”, ნიკარაგუის “რეალ ესტრელიში” და კვიპროსულ “ეთნიკოსში” თამაშობდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის მარტვილის “მერანსა” და ქობულეთის “შუქურაში” თამაშობდა.
გასული სეზონი ჯეფინიომ სწორედ ზღვისპირულ კლუბში გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ “შუქურა” ეროვნულ ლიგა 2- ში დაქვეითდა, ჯეფიონიო ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.





