რამდენიმე წუთის წინ ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე უოტფორდის Facebook-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩისკო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.
ინგლისური კლუბი წერს, რომ 40 წლის ესპანელი სპეციალისტი შემტევი ფილოსოფიის მიმდევარია და ბოლოს თბილისის დინამოში მუშაობდა, სადაც მან დინამოსთან ერთად, მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.
მუნიოსი მწვრთნელად მუშაობდა ესპანურ ხიმნასტიკში და პობლა მაფუმეტში. ფეხბურთელობის დროს თამაშობდა ვალენსიაში, სადაც კლუბთან ერთად 2003/04 წლების სეზონში უეფას თასის და ლა ლიგის ჩემპიონობა იზეიმა, ასევე, ამავე სეზონში მოიგო უეფას სუპერ თასიც.
ყოფილი შემტები სხვადასხვა წლების განმავლობაში თამაშობდა რეკრეატივოს, ტენერიფეს, რეალ ბეტისის, ლევანტეს, დინამო თბილისის და ხიმნასტიკის შემადენლობაში. ასევე, ის გამოდიოდა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც.
ჩისკო მუნიოზი კლუბში რობერტო კუესტასთან და ხორხე აბელასთან ერთად იმუშავებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა თბილისის დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბთან.
შეგახსენებთ, რომ უოტფორდი ამჟამად ჩემპიონშიფში ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.





