ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“, როგორც იმ ცნობილ გურულ სიმღერაშია გადარია მთელი დუნია. ჩემპიონთა ლიგაზე ორი ეტაპის გავლას, რა ხანია, ჩვენი კაცთა გუნდებიც კი ვერ ახერხებენ, გურულმა გოგონებმა კი ეს შეძლეს.
რა თქმა უნდა, „როზენგართთან“ დაპირისპირებაში სასწაულს არავინ ელოდა და არც მოხდა. სიმართლე ითქვას, ის რაც „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური და რუმინული გუნდების დამარცხებით შეძლო წარმოუდგენლად მოჩანდა. შვედებთან მატჩმა კი თვალნათლივ გამოაჩინა, რომ სხვაობა ცა და დედამიწასავით არის.
Primesport.ge „ლანჩხუთის“ ვიცე-კაპიტანს ნინი ჩხარტიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ასევე ეროვნული ნაკრების მცველიც არის და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

-ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ. ბურთის დევნა 5-6 წლის ასაკიდან დავიწყე. გარემოც ხელს მიწყობდა. სამეგობროში და სკოლაში ძირითადად ბიჭებთან მიწევდა ურთიერთობა და მათთან ერთად ვთამაშობდი. ძალიან მიყვარდა სპორტი და ზოგადად აქტიური ბავშვი ვიყავი.
სერიოზულად კი ფეხბურთის თამაში 12-13 წლიდან დავიწყე და გუნდშიც მას მერე ვარ. მაშინ მივხვდი რომ მომავალი ამ პროფესიასთან უნდა დამეკავშირებინა.
-ევროსარბიელზე ლანჩხუთმა მართლაც ხელშესახებ წარმატებას მიაღწია. გულწრფელად გვითხარით, ელოდით ასეთ შედეგს?
-სიმართლე გითხრათ არა. ყოველშემთხვევაში, შესარჩევი ეტაპის წილისყრამდე რაიმე განსაკუთრებულის იმედი არ მქონდა. როდესაც მეტოქის ვინაობა გავიგეთ და გაირკვა, რომ ყაზახებთან უნდა გვეთამაშა იმედი მოგვეცა, რადგან ძალიან მრისხანე გუნდი არ ჩანდა. საბედნიეროდ მოვიგეთ და მომდევნო მატჩს გაცილებით დიდი შემართებით შევხვდით.

რუმინული „კლუჟი“ სუსტი და ხელწამოსაკრავი გუნდი ჩვენთვის კი არა, ბევრი ევროპული კლუბისთვის არ არის. ჩვენც აუტსაიდერებად მივიჩნეოდით, მაგრამ პირველი ეტაპის გადალახვამ თვითრწმენა შეგვმატა და მოედანზე თავიდანვე ყურებჩამოყრილი არ გავსულვართ. იმ მოგებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერი წუთები, შემდეგ მშობლიურ ლანჩხუთში ხალხის დახვედრა და ოვაციები არასოდეს დამავიწყდება.
-რა მოხდა შვედებთან? თქვენი აზრით რა იყო ასეთი მარცხის მიზეზი?
-ყველაფერი ერთად. გამოუცდელობა, პირობებში რადიკალური სხვაობა, გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ისეთ გარემოში გაიზარდნენ და ვარჯიშობენ, ჩვენ ალბათ საკმაო ხანს რომ არ დაგვესიზმრება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მათთან ფინანსურად თუ ფიზიკურად ახლოსაც ვერ მივალთ.
ჩვენი დონის ან თუნდაც ოდნავ უკეთეს გუნდებთან თავგანწირულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, შვედებთან კი თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. როდესაც ყველა კომპონენტში ასეთი საგრძნობი განსხვავებაა, რთულია წარმატებას მიაღწიო.
-თავისთავად, „როზენგარდი“ უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ მაინც შეიძებოდა თუ არა ასეთი მარცხის თავიდან აცილება?
-მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. კი, შეიძლებოდა ასეთი სხვაობით არ დავმარცხებულიყავით, თუმცა ჩვენ შორის ისეთი სხვაობაა დიდი ანგარიშით წაგებას მაინც ვერ გადავურჩებოდით. ამის აღიარებაც არ მიჭირს.

-და მაინც. რა მოგცათ ამ ჩემპიონთა ლიგამ პირადად თქვენ და გუნდს?
-პირველ რიგში გამოცდილება, რაც სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება. უფრო შეკრული გუნდი გვახდით და ბევრი ვისწავლეთ. სამივე მატჩმა, მაგრამ განსაკუთრებით შვედებთან დაპირისპირებამ სარკეშიც ჩაგვახედა. ძალიან რთულია, როდესაც მეტოქე ერთი კი არა, რამდენიმე თავით შენზე მაღლა დგას მას ტოლ-სწორად ეთამაშო.
ჩვენ თავზე მეტს ვიმუშავებთ, შეცდომებს გავაანალიზებთ, ვეცდებით ფიზიკურადაც კიდევ უფრო მოვმძლავრდეთ და მომავალში თუნდაც ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორც „როზენგარდი“ იყო გაცილებით ღირსეულად დავუდგეთ.
-რა ჭირდება გუნდს კიდევ უფრო განვითარებისთვის?
იმის ნახევარი მაინც, რაც თუნდაც შვედებს და ევროპის გუნდებს აქვთ. მხოლოდ მოედანზე გასვლა და რამდენიმე „ფიშკით“ ვარჯიშით შორს ვერ წახვალ. ამიტომაც, ხანდახან ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე მივედით.
რა გვჭირდება და სწორი კვება, ელემენტარული სავარჯიშო პირობები, მეტი ფიტნესი, ფეშენებელური თუ არა, მოკრძალებული ბაზა მაინც და ა.შ.
-შვედეთში ორნიშნა ანგარიშით წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ძალიან გაგიწყრათ?
-თბილისური მარცხის შემდეგ, ალბათ ნახავდით გასახდელის იმ კადრებს, სადაც ბატონი გიორგი ჩხაიძე გვამხნევებდა. რა თქმა უნდა, ასეთი წაგება არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს, მაგრამ მან იცის, რომ რაც შეგვეძლო ვითამაშეთ.’
მან მადლობა გადაგვიხადა იმ თავდადებისთვის, რაც შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში გამოვავლინეთ.

-როგორ ფიქრობთ, გაისადაც შესაძლებელია თუნდაც იგივე შედეგი გაიმეოროთ?
-რატომაც არა. ვფიქრობ, ახლა უფრო მიექცევა ქალთა ფეხბურთს მეტი ყურადღება. საქმისადმი სწორი მიდგომით და მეტი მონდომებით იგივეს გაკეთება უტოპიად ნამდვილად არ მიმაჩნია.
-ვინ არის თქვენი საფეხბურთო კუმირი და ვის ქომაგობთ?
-კაცთა გუნდებიდან ძალიან მიყვარს მადრიდის „რეალი“. რაც არ უნდა გასაკვირი იყო, აქამდე „რეალს“ ქალთა გუნდი არ ჰყოლია და ამიტომ გერმანულ „ვოსლბურგს“ ვქომაგობდი. ფეხბურთელებში კი ალექსი მორგანი მომწონს.

-ქალთა ნაკრებზე რას იტყოდით? თქვენ ეროვნულ გუნდშიც თამაშობთ.
-ნაკრებშიც იგივე პრობლემებია, რაც კლუბებში. შესაძლოა ერთი წელი ისე გავიდეს არც შევიკრიბოთ. ხანდახან ეს ერთხელ ან ორჯერ თუ მოხერხდება. ამის ფონზე ძნელია წარმატებაზე იფიქრო ან მიაღწიო. ვფიქრობ, უფრო მეტი ამხანაგური მატჩები და ხშირი შეკრებები გვესაჭიროება, რათა კარგად შევთამაშდეთ და წინსვლა გვქონდეს.
-კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ხომ არ გიფიქრიათ?
-იყო რაღაც შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ლანჩხუთიდან წასვლას არ ვფიქრობ.
-დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა დამწყებ ქალ ფეხბურთელებს.
-შრომა არ დაიზარონ და იზრუნონ განვითარებაზე.





