საქართველოს პირველი ჩოგანი მიუნხენის პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალშია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კოლუმბიელი დანიელ გალან-რივეროსი კორტიდან გააქრო. ჩვენებური მეჩოგნე განსაკუთრებით კარგად მეორე სეტში მოქმედებდა და მეტოქეს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.
კოლუმბიელი ჩოგბურთელი რეიტინგის 115-ე ნომერია და ბუნებრივია წყვილის ფავორიტადაც ბასილაშვილი მიიჩნეოდა. ქართველმა ჩოგბურთელმაც გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა და მეტოქეს სრული კაპიტულაცია გამოაცხადებინა – 6:4, 6:2.
სასიხარულოა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო პერიოდში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ჩვეულ ფორმას რომ დაუბრუნდა და მიუნხენშიც დამაჯერებლად მიიწევს წინ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ნორბერტ გომბოში იქნება. სლოვაკი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 95-ე ნომერია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალის საგზური უნდა მოიპოვოს.





