შარშანდელი ფინალი, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 1/4 ფინალში განმეორდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად „პსჟ“-მ იმარჯვა.
განსხვავება ასევე ისიც არის, რომ ეს ორმატჩიანი დუელია და ჯერ არაფერი დასრულებულა, თუმცა ფრანგულმა გრანდმა სტუმრად „ბაიერნის“ დამარცხებით მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მძლავრი ნაბიჯი გადადგა.
პარიზულმა გრანდმა რეკორდმაისტერი სტუმრად კილიან მბაპეს დუბლის და მარკინიოსის გოლების წყალბით 3:2 დაამარცხა. მასპინძელთაგან კი თავი მიულერმა და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს.
მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო პარიზელთა დამრიგებელი მოურიციო პოჩეტინო.
„მოგებული მატჩის შემდეგ მსჯელობა მარტივია. შენც თვლი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგი, შემადგენლობა გამოიცანი და ა.შ. ყველაფერი კი მაინც ფეხბურთელების დამსახურებაა, რადგან მოედანზე ისინი გადიან.
დღეს ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და შედეგიც ლოგიკურია. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ.
იმედს გამოვთქვამ, რომ განმეორებით დაპირისპირებაშიც ისევე დამაჯერებლად ვითამაშებთ, როგორც ეს მიუნხენში გავაკეთეთ.
ჯერ არაფერი დასრულებულა და ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. კარგად გვაქვს გათავისებული, რომ „ბაიერნი“ უბრძოლველად არაფერს დათმობს და წინ ძალზედ რთული 90 წუთი გველის“.





