საჩოგბურთო სამყარო და სამეფო სპორტის გულშემატკივრები პირველი საგრუნტო მასტერსის მოლოდინში არიან, რომელიც მონტე-კარლოში 11 აპრილს იღებს სტარტს. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 2 მილიონ ევროზე მეტია.
მონტე-კარლოს მასტერსი შარშან ცნობილ მიზეზთა გამო არ ჩატარებულა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონი ფაბიო ფონინი გახდა და შესაბამისად მოქმედ გამარჯვებულადაც იტალიელი მეჩოგნე ითვლება.
ტურნირზე პირველ ნომრად ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, ხოლო გაგიკვირდებათ და მას რაფაელ ნადალი არ მოსდევს. ორგანიზატორებმა ესპანელ მატადორს მესამე განთესვა მიანიჭეს, მეორე კი რუსი დანილ მედვედევია.
სწორედ მედვედევთან დაპირისპირების პერსპექტივა არგუნა წილისყრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს. გეცოდინებათ, ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად კალიარის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალშია და თავისი მეხუთე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.
მონტე-კარლოს მასტერსის წილისყრით ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფილიპ კრაიანოვიჩი იქნება. სერბი ჩოგბურთელი რეიტინგის 36-ე ნომერია და ტურშიც კერკეტ კაკლად მიიჩნევა. კრაიანოვიჩს არაერთი ტოპ ჩოგბურთელი გაუმწარებია და არც ბასილაშვილს ელის იოლი გასეირნება.
ბასილაშვილ-კრაიანოვიჩის წყვილის გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე დანილ მედვედევს დაუპირისპირდება. რუსი ჩოგბურთელი, როგორც მეორე განთესვის მქონე პირველ წრეში ისვენებს.
იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფილიპ კრაიანოვიჩის ბარიერს წარმატებით გადალახავს და მედვედევთანაც საინტერესო ბრძოლის მომსწრენი გავხდებით.





