ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი უკვე საკმაო ხანია გუნდის განაცხადში აღარ იმყოფება. მიკელ არტეტამ მიიღო გადაწყვეტილება, წლეულს პრემიერლიგასა და ევროთასებზე მესუთ იოზილის სამსახურზე უარი ეთქვა. მეთოფეთა ახალგაზრდა სპეციალისტის ამ ნაბიჯმა ბევრი გააოცა, მაგრამ არტეტა შეუვალი იყო და ნათქვამი აღარ გადათქვა.
როგორც პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Telegraph იუწყება, „ჩელსისთან“ საშინაო გამარჯვების შემდეგ, გასახდელში ფეხბურთელებმა მესუთ იოზილის საკითხი განიხილეს და მათი უმრავლესობის სურვილია გერმანელი ლეგიონერი ისევ გუნდს დაუბრუნდეს. ამის თაობაზე, „არსენალის“ წამყვანმა ფეხბურთელებმა არტეტასაც თხოვნით მიმართეს.
ფეხბურთელთა თქმით, ვარჯიშებზე იოზილი შესანიშნავად გამოიყურება და თანაგუნდელებსაც აღაფრთოვანებს. ამიტომაც, ასეთი დონის ფეხბურთელის არ გამოყენება კარგს არაფერს მოგვიტანსო. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ იოზილის გუნდში დაბრუნების შემთხვევაში, პრემიერლიგაშიც მდგომარეობას გამოისწორებენ და ევროპა ლიგაზეც მეტი წარმატების შანსი ექნებათ.
დიდი ალბათობით, იანვრიდა მესუთ იოზილს „არსენალის“ განაცხადში დააბრუნებენ, მაგრამ საკითხავია, თავად მას თუ სურს ლონდონში გუნდში დარჩენა. გავრცელებული ხმებით, 32 წლის გერმანელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში „არსენალს“ აუცილებლად დატოვებს.





