ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ და ჩვენც ამას წინათ გამცნეთ, რომ როლან გაროსამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო რეპეტიციას ბელგრადის ტურნირზე გაივლის, რომლის საპრიზო ფონდიც 511 ათასი ევროა და 250-იან კატეგორიას განეკუთვნება.
ქართველი ჩოგბურთელი ორგანიზატორებმა მესამე ნომრად განთესეს და ტურნირშიც მეორე წრიდან ჩაერთვება. ამიტომაც, ბასილაშვილი მეტოქის მოლოდინში იყო, რომელიც უკვე გაირკვა.
ბასილაშვილის პირისპირ კორტზე ანდრე მარტინი დადგება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სლოვაკმა მეჩოგნემ პირველ ეტაპზე ავსტრალიელი კრისტოფერ ოკონელი სამ სეტიან დაძაბულ თრილერში დაამარცხა.
სლოვაკი ჩოგბურთელი რეიტინგის 119-ე ნომერია და ბელგრადის ტურნირის ძირითად ბადეშიც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოხვდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ანდრე მარტინი ერთმანეთს კორტზე ერთხელ შეხვედრიან და ეს 2015 წელს ნიდერლანდებში გამართულ ჩელენჯერზე მოხდა, სადაც ჩვენებურმა ჩოგბურთელმა იმარჯვა.
ქართველი და სლოვაკი ჩოგბურთელები ბელგრადის ტურნირზე 26 მაისს ითამაშებენ.





