UFC-ის თავქარიანი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი დარწმუნებულია რომ რევანში შედგება. ცოტა უცნაურია, რატომ ფიქრობს, რომ აუცილებლად დაამარცხებს, მაგრამ ჯერ უნდა დააბრუნოს.
ჰოდა, დავაბრუნებო ამბობს. მე მას ვაიძულებ ეს ნაბიჯი გადადგასო. სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები მიხვდებოდნენ, რომ საუბარი ჰაბიბ ნურმაგომედოვზეა, რომელმაც შარშან ოქტომბერში დასტინ გეიჯი მეორე რაუნდში მოგუდა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. დაღესტნელმა მებრძოლმა ოქტაგონი დაუმარცხებელმა დატოვა. მის ანგარიშზე 29 გამარჯვებაა.
„ჩვენ ამას მივაღწევთ. ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ დაბრუნდეს“ – თქვა კონორ მაკგრეგორმა ონლაინ პრესკონფერენციაზე. მრავლობითში ლაპარაკისას ის UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს გულისხმობდა. ისიც მოწადინებულია ეს ამბავი მოხდეს და ოცნებობს რევანშის ბრძოლა გაიმართოსო.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი კონორ მაკგრეგორს დასტინ პიორესთან ჩხუბი ელის.





