მან ფეხბურთელების სელექციაზე ილაპარაკა:საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პირველი არხის ეთერში საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
გადაცემა „ტაიმაუტში“ სუტმრობისას, ფრანგმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს და შვედეთს ჯგუფიდან გასვლა უნდა გაურთულოს.
„საქართველო ნამდვილად რთულ ჯგუფში მოხვდა – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო. მაგრამ ჩვენ ამბიციაზე ვსაუბრობთ. ვხედავდი, რომ საქართველოს ნაკრებში გარკვეული ხარისხი იყო. ვიცნობდი საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ადრე მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ახლა ჩვენ ვთანამშრომლობთ, რადგან ვგრძნობ მაფასებენ და ფეხბურთის განვითარება სურთ. მე აქ შედეგის მისაღწევად ჩამოვედი. ესპანეთი და შვედეთი შესარჩევი ჯგუფებიდან სულ გადიან, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ მათ გასვლა გავურთულოთ. გვსურს, რომ ამ ჯგუფში რთული ოპონენტები ვიყოთ“, – ამბობს სანიოლი.
მისივე თქმით, შემადგენლობის სელექციის დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის ცოდნა.
„მთავარია, იცოდე ადგილობრივი კულტურა, რომ გაიგო, მოთამაშეებთან თანამშრომლობა როგორ ააწყო. მე უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო ვიცნობ. მთავარი ამოცანაა, ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატს დავაკვირდე. მე და ჩემი ასისტენტი ფუნქციებს გადავინაწილებთ, რომ თამაშებს დავესწროთ და მოთამაშეებს დავაკვირდეთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.





