რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშებენ. ამის შესახებ პოპულარული ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
მადრიდის „რეალს“ სულ მალე ახალი სტადიონი ექნება. უფრო სწორად გუნდი ადგილსამყოფელის შეცვლას არ აპირებს, უბრალოდ „სანტიაგო ბერნაბეუს“ უკეთდება დიდი რეკონსტრუქცია, რომელიც 2022 წელს დასრულდება.
ჰოდა, სამეფო გუნდის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს განუზრახავს სტადიონი პომპეზურად გახსნას და იქ არა ფეხბურთი, არამედ ჩოგბურთი ითამაშონ. საამისოდ კი აბა უკეთესს ვის შეარჩევდა ვიდრე რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერია.
რაფა რომ „რეალის“ გულმხურვალე ქომაგია არახალი ამბავია. ამიტომაც, მისგან თანხმობა გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. ნადალმა პერესს დაუდასტურა, რომ ამ ამბიციურ პროექტში მონაწილეობაზე თანახმაა. ახლა ჯერი როჯერზეა. ფლორენტინო პერესს იმედი აქვს, რომ ფედერერიც „კის“ იტყვის.








