გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამოცანა – უკეთ ვიდრე წინა ტურნირზე შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც ჰალეს უპრესტიჟულეს საჩოგბურთო შეჯიბრში მონაწილეობს და პირველი წრეც წარმატებით გადალახა.
სწორედ ამიტომ ავღნიშნეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელისთვის ჰალეში მიმდინარე ტურნირი უკვე იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს 2019 წელს იყო, რედესაც სასტარტო მატჩში იტალიელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა. შარშან კი პანდემიის გამო ბალახის საფარზე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმდა.
პირველ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ერთ დროს კერკეტი კაკალი და რეიტინგის ათეულის წევრი ჟილ სიმონი გახლდათ. ფრანგი მეჩოგნის საუკეთესო პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა და 36 წლის სიმონთანაც ფავორიტად ჩვენებური მიიჩნეოდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმაც ქომაგებს იმედები არ გაუცრუა, თუმცა მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ – 6:1, 3:6, 6:4 იმარჯვა.
ნიშანდობლივია, რომ ურთირთშეხვედრებში უპირატესობა ჟილ სიმონს ჰქონდა – 3:1 და ქართველმა ჩოგბურთელმაც ეს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იან ჰანფმანსა და არტურ რინდერკენჩს შორის გამარჯვებული იქნება. ცხადია, რომ ორივესთან ბასილაშვილი ფავორიტი იქნება და წესით ეს ბარიერიც უნდა გადალახოს.








