რასისტული გამოხდომები ყოველთვის იყო, არის და ალბათ სამწუხაროდ მსგავსი ფაქტები კიდევ მოხდება. სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები თუ სხვა სახეობის წარმომადგენლები ანტირასისტულ კლიპებში ხშირად მონაწილეობენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ადამიანების კანის ფერით განსხვავება ცუდ ტონად ითვლება, თუმცა ამით რაზისმთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრება. ყველაფერი მაინც ადამიანების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.
რასისტული თავდასხმების მსხვერპლნი ხშირად გამხდარან ფეხბურთელებიც. მათ კანის ფერს ხან აგრესიული გულშემატკივრები, ხანაც საერთოდ მოედანზე მყოფი მეტოქე ფეხბურთელები უწუნებენ, რასაც დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვება ხოლმე.
„არსენალთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რაშფორდმა მედიასთან საუბარში დაიჩივლა, რომ ის სოციალურ ქსელში რასისტული თავდასხმის ობიექტი გახდა.
„რა თქმა უნდა, სქრინებით სირბილს არ დავიწყებ. მსგავსი რამ არ მჩვევია. არც კარგ საქციელად მიმაჩნია და საქმესაც დიდად ვერ წაადგება, მაგრამ გულდაწყვეტილი კი ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ადამიანებმა კანის ფერზე მიმითითეს.
ტვიტერსა თუ ფეისბუქზე უამრავი ბავშვი გამომწერი მყავს და არ არის სასიამოვნო, როდესაც ისინი მსგავსი სახის კომენტარებს კითხულობენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე ვამაყობ ჩემი კანის ფერით“ – ამბობს მარკუს რაშფორდი.








