ქართველი ჩოგბურთელის წარმატებული სვლა გრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს უპრესტიჟულესი ტურნირის ნახევარფინალშია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეში მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო. ჩოგბურთის მოყვარულთათვის ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუხდა, ხოლო ძირითად ბადეშიც იდეალურად ასპარეზობს და საუკეთესო ოთხეულშიც დამსახურებულად გააღწია.
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ლოიდ ჰარისი გახლდათ. 24 წლის სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელი რეიტინგის 51-ე ნომერია და სამეფო სპორტის სამყაროში კერკეტ კაკლადაც მიიჩნევა.
ქართველ ჩოგბურთელს ჰარისის დასამარცხებლად საათნახევარზე ოდნავ მეტი დასჭირდა. მატჩი და განსაკუთრებით მისი მეორე სეტი მეტად დაძაბული გამოდგა, რადგან გამარჯვებულის გამოსავლენად მეცამეტე გეიმი ანუ ტაიბრეიქი გახდა საჭირო. საბოლოოდ, ქართველმა მეჩოგნელ ლოიდ ჰარისი ორ სეტში – 6:4, 7:6 დაამარცხა.
ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება.





