სანდრო მამუკელაშვილის მორიგი პირადსარეკორდო შედეგი. სეტონ ჰოლის ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენცია დიდებული თამაშითა და გამარჯვებით გახსნა. მისმა გუნდმა კონფერენციის ჩემპიონატის პირველ ტურში სენტ ჯონს დევილსს უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის უპირობო ლიდერობით 77:68 მოუგო.
მამუკელაშვილმა 7 დეკემბერს პენსილვანიასთან ოვერტაიმში მოგებულ მატჩში 30 ქულა მიითვალა, რითაც ამერიკური კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. დღეს, გამთენიისას კი მან ეს შედეგი 2 ქულით გააუმჯობესა. თან სანდრომ ეს ოფიციალურ, საკონფერენციო შეხვედრაში მოახერხა. მისი გუნდის მიერ მოგროვებული 77 ქულიდან 32 მის ანგარიშზე იყო, რაც 40-წუთიანი მატჩების კვალობაზე უდიდესი მიღწევაა.
მამუკელაშვილი ამერიკელი სპეციალისტებისა და სკაუტების, შესაბამისად NBA-ს გუნდების რადარზეა. სანდრო სეზონის დაწყებამდე დასახელდა 20 საუკეთესო ფორვარდს შორის, რომელთაგან გაზაფხულზე კარლ მელოუნის პრიზის მფლობელი, ანუ საუკეთესო თავდამსხმელი უნდა გამოვლინდეს. მამუკელაშვილი გაცემულ ავანსებს ამართლებს და ის ფაქტობრივად შეუჩერებელია. 30-ქულიანი მატჩის შემდეგ მან მოკრძალებული მატჩი ჩაატარა ვაგნერთან. მოედანზე ყოფნის 19 წუთის შემდეგ ის თამაშიდან მეტოქესთან წაკინკლავების გამო გააგდეს. აღნიშნულ დროში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. დღეს კი “სენტ ჯონსთან” მატჩში ის შეუჩერებელი იყო და 39 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
როგორც გითხარით, ეს გახლდათ Big East კონფერენციის პირველი ტურის შეხვედრა. NCAA-ის 32 კონფერენციიდან Big East-ის 11-გუნდიანი კონფერენცია ერთ-ერთი უძლიერესია, რომელშიც სეტონ ჰოლთან ერთად სახელგანთქმული ვილანოვა და სხვა, სპორტული პროგრამით გამორჩეული უნივერსიტეტების გუნდები – ქსავიერი, ჯორჯთაუნი, მარკეტი, პროვიდენსი, ბატლერი თამაშობენ. ამ სეზონში კონფერენციას დაემატა კონეკტიკუტის უნივერსიტეტის გუნდი და Big East-ის 11 წარმომადგენლამდე შეივსო. ანუ რეგულარული ჩემპიონატი თითოეული გუნდისთვის 20 მატჩს მოიცავს: ყველა გუნდი ერთმანეთს 2-2 ჯერ, შინ და სტუმრად შეხვდება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს და კონფერენციის ჩემპიონს გამოავლენს.







