ნიუ იორკ ნიქსის და მთლიანად NBA-ს ლეგენდამ პატრიკ იუინგმა, რომელიც ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელია, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.
იუინგის გუნდი, მომდევნო მატჩს 24 დეკემბერს სწორედ ქართველის გუნდთან ჩაატარებს და თამაშამდე პატრიკს „პირატების“ ლიდერზეც ჰკითხეს.
„აქვს თუ არა მამუკელაშვილს NBA-ში მოხვედრის პოტენციალი? რა თქმა უნდა! სავარაუდოდ, ის NBA-ის კალათბურთელი გახდება. მამუს სროლა შეუძლია, ბურთს კარგად ატარებს და მაღალი და ათლეტურია. ეს კი ყველაფერია, რასაც NBA-ის გუნდები ეძებენ.
მამუკელაშვილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მას სროლა და ბურთის ტარება ეხერხება და პარკეტზე ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეუძლია. ის სეტონ ჰოლის ლიდერი და ალბათ, მათი საუკეთესო კალათბურთელია.
გამომდინარე აქედან, მისი მეურვეობისას დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, ან ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ. შემდეგ კი აქცენტი სხვებზე გავაკეთოთ“.
შეგახსენებთ, რომ პატრიკ იუინგი ყველა ვარსკვლავის მატჩის 11-გზის მონაწილე და NBA-ის დიდების დარბაზის წევრია. 1986 წელს იგი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა და კარიერის დიდი ნაწილი „ნიუ იორკ ნიქსში“ გაატარა. გუნდში, რომელსაც მისი 33-ნომრიანი მაისური ხმარებიდან აქვს ამოღებული.
იუინგის მსგავსად მამუკელაშვილზე თავისი აზრი Fox Sports-ის ანალიტიკოსმა ჯიმი ჯეკსონმაც დააფიქსირა და გასაკვირი არ არის, რომ სანდროზე მანაც დადებითად ისაუბრა:
„აშკარაა, რომ ამ ბიჭმა ზუსტად იცის, მოედანზე რა უნდა გააკეთოს. ის საშიშია როგორ ფარქვეშ, ასევე – პერიმეტრზე. მწვრთნელი კევინ ვილარდი მამუს მუდმივად ახსენებს, რომ ის საუკეთესოა და ეს, ნამდვილად სწორი საქციელია. ჩემი აზრითაც, ლიგაში პირველი ნომერია და კარგი იქნება, თუკი ისიც ასე იფიქრებს.
სანდრო ძალიან მრავალმხრივი კალათბურთელია და როდესაც თამაშს თავის თავზე იღებს, ამით თანაგუნდელებსაც კარგ საქმეს უკეთებს. ხშირ შემთხვევაში, მისი პარტნიორები მარტონი რჩებიან და შეტევისთვის თავისუფალი სივრცე ეძლევათ.
„მამუს“ პასიც ეხერხება და ეს ყველაფერი მას განსაკუთრებულ კალათბურთელად აქცევს. ის კოლეჯების კალათბურთისთვის არის შექმნილი, თუმცა, მე მეტსაც გეტყვით, მამუკელაშვილი იმ ლიგაში უნდა იყოს, სადაც დიდი ბიჭები თამაშობენ“.
21 წლის ქართველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და სეტონ ჰოლის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. „მამუ“ საშუალოდ 20.0 ქულას, 5.2 მოხსნასა და 3.4 პასს აკეთებს. შედეგად, ქულებისა და პასების მოხედვით, სანდრო კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ ის ზედიზედ მესამე კვირაა, კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში ხვდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეტონ ჰოლს მომდევნო მატჩი, 24 დეკემბერს (02:00 თბილისის დროით) პატრიკ იუინგის ჯორჯტაუნთან ელის.








